http://google.com/
სურამში დასახლების კვალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე არის ნავარაუდევი. ამ ადგილებში ადამიანს ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან უცხოვრია, რაზედაც მეტყველებს ის არქეოლოგიური მასალა, რომელიც აქ არის მიკვლეული. სურამი ანტიკური ხანის ქართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა. შორეულ წარსულში სურამზე გადიოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო-საქარავნო გზა ინდოეთიდან ფაზისამდე, რომლის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ძვ. წ. IV-III საუკუნის ბერძენი ისტორიკოსებისა და გეოგრაფების არისტოტელეს, პატროკლესა და ერატსოთენეს შრომებში გვხვდება. სურამის ქალაქად ჩამოყალიბება იწყება ძვ. წ. IV-III საუკუნის მიჯნაზე, ხოლო III საუკუნის ბოლოსათვის მას უკვე მკვეთრად გამოხატული ქალაქური სახე ჰქონდა.
სურამის წარმოშობაზე ხალხური თქმულებაც არსებობს: სურამში ცხოვრობდა ორი ახალგაზრდა, ქალ-ვაჟი, ქალს – სუ რქმევია, ვაჟს – რამი. მათ ერთმანეთი ძალიან ყვარებიათ, რადგან მშობლები ერთად ყოფნას უშლიდნენ, მაინც გადაწყვიტეს ჩუმად დაქორწინებულიყვნენ და იმ უბანს, სადაც ისინი დასახლებულან, მათი ერთობლივი სახელი – სურამი დარქმევია, ხოლო მოგვიანებით ამ სახელით მთელ დაბას მოიხსენიებდნენ.